ქართული ოპერის ისტორია

ქართული ოპერის ისტორია

ამიერკავკასიაში პირველი ოპერის თეატრი, 1851 წლის 12 აპრილს, გრანდიოზული მეჯლისით გაიხსნა, რომელსაც თბილისის მაღალი საზოგადოება დაესწრო. ამავე წლის 25 ოქტომბერს პარიზულ გაზეთში „ილუსტრასიონი“ დაიბეჭდა ედმონდ დე ბარესის სტატია თეატრის დარბაზის ორი სურათით. ავტორი წერდა: „ქალაქის ეს ერთადერთი თეატრი, რომლის ინტერიერი მთლიანად მავრიტანული სტილითაა გაფორმებული, უდავოდ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ელეგანტურ, მოხდენილ და წარმტაც სათეატრო ნაგებობას, რისი აღქმაც ადამიანს შეუძლია“. განთქმულმა ფრანგმა მწერალმა, ალექსანდრე დიუმამ, რომელმაც 1858 წელს თბილისი მოინახულა, თავის წიგნში „კავკასია“, ოპერის თეატრს  მთელი თავი მიუძღვნა. „უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ თბილისის თეატრის დარბაზისთანა თვალწარმტაცი დარბაზი ჩემს სიცოცხლეში არსადმინახავს“ - წერდა იგი.1851 წლის 9 ნოემბერს, საგანგებოდ მოწვეულმა იტალიურმა დასმა, დირიჟორ ბარბიერის ხელმძღვანელობით, თბილისის პირველი საოპერო სეზონი გაეტანო დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმურით“ გახსნა.1937 წლიდან დღემდე თეატრი ზაქარია ფალიაშვილის სახელს ატარებს და ტრადიციულად, ყოველ ახალ სეზონს „აბესალომ და ეთერით“ ხსნის. 1973 წლის ხანძრის შემდეგ განადგურდა თითქმის მთელი ინტერიერი, დაიწვა სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული უძვირფასესი და ულამაზესი ფარდა, კოსტიუმები, რეკვიზიტი, სამუზეუმო და საარქივო მასალების დიდი ნაწილი. 1978 წელს თეატრის შენობა თავდაპირველი სახით აღდგა. 

No comments:

Post a Comment